17/07/2026
გთავაზობთ ზურაბ თოლორდავას წერილს მთის სოფლების ტოპონიმიკიდან. ეს წერილი და ტოპონიმების ჩამონათვალი სოფელ საკრაულას ეხება. მომავალ სასწავლო წელს, როცა სოფელ საკრაულას საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩვენს მუზეუმს ეწვევიან, ამ წერილს და მის დეტალებს უსათუოდ მიმოვიხილავთ. აქ არის საინტერესო ტოპონიმები, ,,ყეზიასოული"- ვენახი სახნავი და ,,ხუზიარი"- სოფლის უბანი, რაც ებრაული ბიბლიური სახელიდან, ყუზია, ყეზია, ხუზია უნდა მოდიოდეს. საინტერესოა, სოფლის ისტორია თუ იცნობს ებრაელთა აქ მკვიდრობის რაიმე ცნობებს. ც.ყ. ქვემოთ კი ზურაბის წერილი.
,,2017 წლის 21 ივნისს ფეისბუქ-გვერდზე გამოვაქვეყნე წერილი სათაურით - “სოფელი საკრაულა და მისი ეტიმოლოგია“.ამჯერად გთავაზობთ სოფელ საკრაულისა და მისი შემოგარენის ადგილის სახელების ჩამონათვალს სათანადო განმარტებებით.ვფიქრობ აქ წარმოდგენილი მასალა,რომელიც შევიდა ჩემს მიერ 2014 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - „ბაღდათის მთის სოფლების ტოპონიმიკა“,დააინტერესებს არა მარტო საკრაულელებს,არამედ ყველა იმათ,ვისთვისაც ძვირფასია მშობლიურ ადგილთა სახელები...
ზ.თ.
P.s. მადლობა ქალბატონ ლელა გურგენიძეს,რომელმაც მოგვაწოდა სოფელ საკრაულისა და მისი შემოგარენის ამსახველი ფოტო-მასალა.
ზურაბ თოლორდავა
სოფელ საკრაულის ტოპონიმები
(ადგილის სახელები)
1.აბესალოს ვაკე-საძოვარი.
2.ამირანაშვილის ნამოსახლი-მინდვრები.
3.ანწლარი-სახნავი,საძოვარი.
4.არმანიანი-საძოვარი.ადგილის სახელწოდება ეტიმოლოგიურად კაცის საკუთარ სახელ „ყარამან“- ს უკავშირდება.“იან“ სუფიქსის დართვის შემდეგ „ყარამან-იან-ი“,ფონეტიკურად გამარტივებული, „არმანიანი“-ს ფორმით შემორჩა ხალხის მეხსიერებას.
5.ასათიანი-სახნავი,საძოვარი.“ასათ“კაცის საკუთარი სახელია(არაბული წარმოშობისაა),რომელსაც ტოპონიმში „იან“ კუთვნილების,ფლობა -ქონების აღმნიშვნელი სუფიქსი აწარმოებს.ამავე ფუძისაგანაა ნაწარმოები ქართული გვარები-ასათიანი,ასათაშვილი.
6.ატვანა-სახნავი სოფელ საკრაულის მისავალში.შესაძლოა ამ ტოპონიმის ამოსავალი ფორმა იყო „ატმიანი(ა)“,ანუ ადგილი,სადაც ბევრი ატმის ხეა და ფონეტიკურად ძლიერ სახეცვლილი „ატვანა“-დ ქცეულა.
7.ატვანის ღელე-ღელე.მდ.საკრაულის მარჯვენა შენაკადი.სათავეს იღებს „ქვაწერილა“-ს მთიდან.
8.ახო-სახნავი.ახო-საყანედ გაკაფული ტყე.
9.ბალთა ყანა-სახნავი.ქართულში არის ასეთი გამოთქმა: „ალთა და ბალთა“,რაც ორ უკიდურესად დაშორებულ ადგილს აღნიშნავს.ამ შემთხვევაშიც „ბალთა ყანა“ მიანიშნებს, ერთი რომელიმე ადგილიდან მოშორებულ მეორე ადგილს.
10.ბარდნალი-სახნავი.ბარდნალი მნიშვნელობით იგივეა,რაც ბარდნარი,შამბი.
11.ბახტიძეების უბანი-სოფლის უბანი.
12.ბერის ტყემალი-სახნავი,საძოვარი. ბერი,ბერა კაცის ძველი ქართული პიროვნული სახელია.
13.ბიები-სახნავი ადგილი სოფლის სიახლოვეს. ბია იმერულ დიალექტში კომშის სინონიმია.
14.ბოგირღელე-ღელე, მდ.საკრაულის მარჯვენა შენაკადი.“ბოგირღელე“ მნიშვნელობით იგივეა,რაც „ბოგის(ხიდის)ღელე“.
15.ბოხტა-ნაყანევი,ტყე,ბუჩქნარი. „ბოხტა“ქართულში თურქულიდან შემოსული სიტყვაა და „სადგომს“ ნიშნავს.
16.ბჟოლითი-გორაკი.ბჟოლას თუთის ხეს, ან მის ნაყოფს ეძახიან დღესაც იმერეთში.
17.გაგანოურა-სახნავი.ტოპონიმი მიღებულია კაცის საკუთარი სახელისაგან გაგანა.აწარმოებს”ოურ“ სუფიქსი.
18.გვიმრალიანი-ტყე,ბუჩქნარი.
19.გვიმრალიანის წყარო-წყარო.
20.გოგიას (კიკნაველიძე)წყარო-წყარო.
21.გორაყანა-სახნავი.
22.გრძელი ყანა-სახნავი.
23.გრძელყანა-ნაყანევი,საძოვარი.
24.დათვის ბოლო-სანადირო ადგილები.
25.დასასვენებელი-ვაკე ადგილი „ფურღელი“-ს სიახლოვეს.
26.დიდმინდორი-სახნავი,სათიბი.
27.დიდი ნაბუჯირი-ტყე,საძოვარი.სავარაუდო ეტიმოლოგიით ტოპონიმის საზღვრული სიტყვა „ნაბუჯირი“, შესაძლოა იმერულ დიალექტში გავრცელებული სიტყვისაგან „ბუჯარი“ მომდინარეობდეს („ბუჯარი“-„ბუჯარობა“ ერთ ადგილზე რაიმეს დაჟინებით ძებნას ნიშნავს).თუ ეს ასეა,რატომ უნდა დარქმეოდა ადგილს ეს სახელი გაურკვეველია.
28.ელბოდესოული-ვენახი.სახნავი. „ელპიდე“ („ელპიტე“) ქალის ბერძნული წარმოშობის სახელია.“ელბოდე“კი მისი დამახინჯებული ფორმაა.რაც შეეხება დაბოლოებას „სოული“ („სეული“),იგი გვხვდება ადგილის პირვანდელი მფლობელის სახელიდან,ან გვარიდან მიღებულ ტოპონიმებში.მაგ.: ვლადიმერასოული,მაღრაძისეული და მრავალი სხვა.დადასტურებულია,რომ „სოულ“ („ოულ“) აფიქსი მომდინარეობს „ოური“-საგან. „ს“ფონემა კი,როგორც ჩანს,მსაზღვრელი სიტყვიდან, საზღვრულ სიტყვას გადმოყოლილი ბრუნვის ნიშანია.
29.ვერსი-საძოვარი.მანძილი ამ ადგილამდე,ადგილწოდება „ზედვაკიდან“,რომელიც სოფელ საკრაულის აღმოსავლეთითაა,არის ზუსტად ერთი ვერსი (ვერსი-ძველი, რუსული სიგრძის საზომი ერთეული,უდრიდა 1060 მეტრს).ადგილისათვის სახელის შერჩევაც,ალბათ,ამ გარემოებამ განაპირობა.
30.ვლადიმერასოული-ვენახი.
31.ზედა ყანა-სახნავი.
32.ზედვაკე-საძოვარი.
33ზოგიჭური-ვენახი,სახნავი,ტყე.
34.თაბუკაშვილების უბანი-სოფლის უბანი.
35.თვალიასოული-სახნავი (თვალა,თვალია კაცის პიროვნული სახელია).
36.თულოური-სახნავი.ტოპონიმი მიღებულია კაცის სახელისაგან თულა (თულია).აწარმოებს „ურ“ სუფიქსი.
37.იაკოფიშვილების უბანი-სოფლის უბანი.იაკოფიშვილები,ისევე,როგორც კოხტაშვილები,მერაბიშვილები,ნაცრიშვილები და პაატაშვილები,საკრაულაში ყველაზე მეტად გავრცელებული კიკნაველიძეთა გვარის სხვადასხვა განშტოების შერქმეული გვარებია.ძველად საქართველოში ანალოგიურ შემთხვევაში,ფაქტიურად ამ გზით გამოიყოფოდა ხოლმე ერთი,რომელიმე გვარიდან რამდენიმე დამოუკიდებელი გვარი.დასავლეთ საქართველოში უკანასკნელი 150-200 წლის მანძილზე მსგავსი თითქმის არ ხდებოდა.ამ შემთხვევაშიც ასეა;ზემოთ ჩამოთვლილი შერქმეული გვარები,ცალკე დამოუკიდებელ გვარებად ვერ ჩამოყალიბდა.
38.ივანეზიარი-სახნავი.გააზრებულია,როგორც ივანეს საზიარო, სახნავი ადგილის სახელი.
39.კალოის გვერდი-ნაყანევი,საძოვარი.მართული სიტყვათშეთანხმებით მიღებული ტოპონიმია. „კალოს“ იმერეთში ეძახდნენ პურეულის კევრით გასალეწ ადგილს.“გვერდი“ კი ამ და სხვა შემთხვევაში,რაიმე ადგილის განაპირა კიდეს აღნიშნავს.
40.კაპანი-ბუჩქნარი. „კაპანი“ მესხური დიალექტიდან იმერულში შემოსული სიტყვაა და აღნიშნავს ქარაფიან,კლდოვან,ღორღიან ადგილსა და გზას.
41.კარპეზიანი-ნაყანევი,საძოვარი.ადგილის სახელი მიღებულია კაცის ბერძნული წარმოშობის სახელისაგან-კარპეზი, „იან“ სუფიქსის დართვით.ბაღდათის მხარის ტოპონიმიკაში კუთვნილების,ქონების აღმნიშვნელი „იან“ აფიქსით ნაწარმოები ტოპონიმები იშვიათად გვხვდება.გამონაკლისს წარმოადგენს ტოპონიმები: „არმანიანი“, „ასათიანი“ და „კარპეზიანი“-საკრაულის ხეობის მიკროტოპონიმიკიდან,რაც ალბათ იმით უნდა აიხსნას,რომ საკრაულური კილო-თქმა, ზემო იმერული დიალექტის გავლენას განიცდის.
42.კატრები-საძოვარი,კატნარი.
43.კელენჯერიძეების უბანი-სოფლის უბანი.
44.კვერეხაძეების უბანი-სოფლის უბანი.
45.კინკილეეთი-ტყიანი,ვაკე ადგილები.კინკილეეთი მდ.ხანისწყლის მარჯვენა შენაკადის ლაშურას ხეობაში მდებარე ნასოფლარს ჰქვია,რომელიც საკრაულის ხეობის მოსაზღვრე სოფელი იყო და ტყიანი,ვაკე ადგილებიც ამ ნასოფლარის მიმდებარე ტერიტორიაა საკრაულის ხეობის მხრიდან. ძველად იმერეთში „კინკილას“ ეძახდნენ ცალად მყოფ,მარტოხელა კაცს.ამ შემთხვევაში ნასოფლარისა და ადგილის სახელწოდება „კინკილეეთი“ გააზრებულია,როგორც სხვა სოფლებიდან (ახლა ნასოფლარებია) საკმაოდ დაცილებული,განცალკავებული,განაპირა სოფლისა და მისი მიმდებარე ადგილის სახელწოდება.
46.კირილეს ვაკე-ნაყანევი.
47.კოდის წყარო-წყარო.იმერეთში „კოდი“ რამდენიმე მნიშვნელობით გაიაზრებოდა.ერთ-ერთის თანახმად,კოდი ჰქვიოდა გულამოღებულ,მოკლე,უძირო მორს,რომელსაც წყაროს მიუდგამდნენ,რომ მასში წყალი ჩაგუბებულიყო.წყაროს სახელწოდებაც აქედან მოდის.
48.კოლიას ტყემალი-ვაკე ადგილი,საძოვარი.
49.კოლიას წყარო-წყარო.
50.კოჟორა-საძოვარი. კოჟორი,კოჟორა,კოჟი ძველ ქართულ,როგორც აღმოსავლურ (ქართლურ),ისე დასავლურ (იმერულ,ლეჩხუმურ) დიალექტებში ქვიან ადგილს აღნიშნავდა.
51.კოხტაშვილების უბანი-სოფლის უბანი.
52.კტეყანა-ნაყანევი,საძოვარი,ქვიანი ადგილი.კომპოზიტია.სწორი ფორმაა „კლდე ყანა“ და,როგორც ჩანს ძნელად დასამუშავებელ,ქვიან ადგილს აღნიშნავდა.
53.კუდარავების ნამოსახლი-ნასახლარი.
54.კუდარავების უბანი-სოფლის უბანი.
55.კუპრაძეების ღელე-ღელე. მდ.საკრაულის მარცხენა შენაკადი.
56.ლაფნარი-ვენახი.ადრე ეს ადგილი დაჭაობებული ყოფილა და შესაძლებელია,ადგილის სახელი „ლაფს“უკავშირდებოდეს (ლაფი-თხელი ტალახი,იმერეთში უფრო ხშირად ტყლაპოს ეძახიან).მეორე ვარაუდით,ტოპონიმი შეიძლება მიღებული იყოს „ლაფანი“-საგან, „ნარ“ სუფიქსის დართვით.ლაფანი - კაკლისებრთა ოჯახის ერთგვარი,საშუალო სიმაღლის ხეა.
57.ლაფნარის გვერდი-ტყე,ბუჩქნარი.ტოპონიმის საზღვრული სიტყვა „გვერდი“რაიმე ადგილის განაპირა,განაკიდე მხარეს აღნიშნავს.
58.ლაშეები-სახნავი.მიღებულია სიტყვისაგან „ლაშე“, „ებ“ მრავლობითობის აღმნიშვნელი ფორმანტის დართვით და მიანიშნებს ისეთ ადგილს,სადაც მლაშე,მარილიანი,ან მჟავე წყალია.
59.ლაშიგვერდი-ტყის მონაკვეთი.
60.ლენჭყო-ნაყანევი,საძოვარი.ლენჭყო ქვემო იმერულ დიალექტში ჰქვია წყლით გაჟღენთილ,დაჭაობებულ ადგილს.მნიშვნელობით იგივეა,რაც ჭენჭყი,ჭენჭყო,ჭინჭყი.
61.ლეღვათის სერი-მთა.
62.მაღალოური-სოფლის უბანი.
63.მაღრაძისეული-სახნავი.
64.მაყვლიანის სერი-ქედი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიასა და მდ.საკრაულის ხეობას შორის.
65.მაყვლარიანის ღელე-ღელე.მდ.საკრაულის მარჯვენა შენაკადი.
66.მაჩვიხვრელები-სანადირო ადგილები.
67.მაჭავარიანისოული-ვენახი.
68.მერაბიშვილების უბანი-სოფლის უბანი.
69.მოგვერგვილი-მდ.საკრაულის ერთი მონაკვეთი,მცირე კანიონის მსგავსი,სადაც მდინარე მოკლე მონაკვეთში რამდენჯერმე უხვევს.ადგილის სახელწოდება მომდინარეობს იმერულ და ლეჩხუმურ დიალექტში გავრცელებული სიტყვისაგან „გვერგვი“,რომელსაც ამ დიალექტებში,ზოგადად „დახვეულის“ მნიშვნელობა ჰქონდა.
70.მორაბიეთი-ნაყანევი,წიფლნარი,მინდვრები.შესაძლებელია ტოპონიმის თავდაპირველი ფორმა „მერაბი-ეთ-ი“ იყო და აღნიშნავდა მერაბის საცხოვრისს,მერაბის ადგილს (მერაბი კაცის სპარსული წარმოშობის სახელია).
71.მრგვალი ყანა-სახნავი,საძოვარი.
72.მსხალნარი-სახნავი საძოვარი.
73.მუხნარი-ტყე.
74.მუხნარის სერი-მთა.
75.მწარე ლერწი-სახნავი.ადრე ამ ადგილებში ვაზის ნერგები გამოჰყავდათ.
76.ნაბოლოკარი-სახნავი.
77.ნაბუჯირის ღელე-ღელე.მდ საკრაულის ერთ-ერთი ყველაზე წყალუხვი მარცხენა შენაკადი.
78.ნაეკლესვარი-ნაეკლესიარი.
79.ნაკალოვარი-ნაყანევი.
80.ნაკოდი-ტყე,მინდვრები.ძველად იმერეთის სოფლებში,საერთო სარგებლობის ტყეში თითოეული კომლი თავისთვის ცალკე მოისაზღვრავდა, მოინიშნავდა ხოლმე ხეებს სამასალედ,თუ საშეშედ და ამას „ნაკოდობას“ ეძახდნენ.ადგილის სახელიც აქედან არის მიღებული.
81.ნალობიარი-ტყე,საძოვარი.
82.ნანალიები-სახნავი.
83.ნამოსახლი-ნასახლარი „საღორიათის“ ვაკეზე.
84.ნამჭედური- „საღორიათის“ ვაკის მიმდებარე ტერიტორია.
85.ნატრიაშვილებისოული-ვენახი,სახნავი.
86.ნაყარღელე-ღელე.კუპრაძეების ღელის შენაკადი.ერთ ადგილზე ღელე ორად იყოფა და შემდეგ კვლავ ერთდება.როგორც ჩანს,მსაზღვრელი სიტყვა „ნაყარი“ განაყარის,განაყოფის მნიშვნელობით გაიაზრებოდა.
87.ნაციხვარი-ნაციხარი სოფ. საკრაულის აღმოსავლეთით.შემორჩენილია ნანგრევები.
88.ნაცრიშვილების უბანი-სოფლის უბანი.
89.ნახარატევი-ტყიანი საძოვარი. „ხარატული“ იმერულ დიალექტში აღნიშნავდა ნივთის ლამაზად გამოყვანას,გამოხარატებას,მოჩუქურთმებას,ასევე მიანიშნებდა ადგილის განსაკუთრებულ სილამაზეს.როგორც ჩანს ამ შემთხვევაშიც ასეა,ნახარატევი ლამაზი,თვალგასახარი ადგილის სახელად არის გააზრებული.
90.ნიგვზები-საძოვარი.
91.ობოლქვა-საძოვარი,ბუჩქნარი.
92.პაატაშვილების უბანი-სოფლის უბანი.
93.პატარა ნაბუჯირი-ტყე,მინდვრები.
94.ჟვანთი ღელე-ღელე,მდ.საკრაულის მარცხენა შენაკადი.მნიშვნელობით იგივეა,რაც ნაჟური,ნაჟონი წყლის ღელე.
95.რცხილარა-ნაყანევი.
96.რცხილის წყარო-წყარო.
97საბინაო-მწყემსების ნაბინავარი.
98.საზღვრის ღელე-ღელე.მდ საკრაულის მარცხენა შენაკადი.ესაზღვრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას.
99.საკრაულა-სოფელი ბაღდათის მუნიციპალიტეტში.სოფლის ძველი სახელწოდებაა „კიკნაველეთი“,რომელიც თავის დროზე დაუარსებიათ ზემო იმერეთიდან საცხოვრებლად აქ გადმოსულ კიკნაძეების გვარის ხალხს.მოგვიანებით სიტყვათშეთანხმებიდან -„კიკნაძეთა ველი“ - უნდა იყოს მიღებული მათი შთამომავლების დღევანდელი გვარი - კიკნაველიძე.სოფლის სახელიც ამ გვარისაგან იყო ნაწარმოები - კიკნაველეთი.მე-20-ე საუკუნის 30-იან წლებში სოფელს სახელი გადაარქვეს და საკრაულა უწოდეს,რომელიც ჰქვიოდა სოფელთან ჩამომავალ მდინარეს და სოფლის სიახლოვეს მდებარე უძველეს სალოცავს (ტოპონიმ საკრაულის განმარტებისათვის იხილეთ 2017 წლის 21 ივნისის პოსტი-„სოფელი საკრაულა და მისი ეტიმოლოგია“).
100.საკრაულა-მდინარე.მდ.ხანისწყლის მარჯვენა შენაკადი.სათავეს იღებს „სამეცხვარიოს“ მთიდან (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი).
101.სამაჩვია-საძოვარი,ფერდობი.
102.საღორიათი-ვრცელი ვაკე,ნასახლარები,სახნავი,საძოვარი,სათიბი (შეადარეთ „საღორია“ - ქუთაისის გარეუბნის სახელწოდება).
103.სილიგვერდი-ნაყანევი,ბუჩქნარი.კოპოზიტია.სიტყვების სილისა და გვერდის შეერთებით არის მიღებული.
104.სკვინჩოური-სახნავი.ადრე სოფელ საკრაულის უბანი იყო.ადგილის სახელი მიღებულია „სკვინჩა“-საგან (სკვინჩა ბეღურას მსგავსი პატარა ფრინველია).
105.ტაბელარი-ნაყანევი,საძოვარი,ტყე. „ტაბელა“-ს ადრე იმერეთში გვიმრას ეძახდნენ.
106.ტბაყანა-ნაყანევი,მინდვრები.
107.ურთხნალი-ტყე,ბუჩქნარი.მიღებულია ურთხმელისაგან (იგივე უთხოვარი).მაღალი,ძვირფასმერქნიანი წიწვოვანი ხეა.
108.ურთხნალის თავი-სათიბი,საძოვარი საღორიათის ვაკეზე.
109.უღელტეხილი-გორაკი.
110.ფულარიანებისოული-ნაყანევი,ბუჩქნარი.
111.ფურღელე-გორაკი.
112.ფურღელე-ღელე. მდ.საკრაულის მარცხენა შენაკადი.სავარაუდოდ,ადგილის სახელწოდება „ფურების ღელედ“არის გააზრებული.
113.ფხეკი-ფერდობი,ბუჩქნარი.“ფხეკი“იმერულ დიალექტში ძლიერ დაქანებულ ადგილს ჰქვია,თუმცა მეორე მნიშვნელობით მოუსავლიან,მწირ მიწასაც ეძახდნენ.
114.ფხვირი-ნაყანევი,ბუჩქნარი.“ფხვირი“- „ფხვიერის“ დიალექტური (იმერული) ვარიანტია.
115.ქვაციხეათი-ტყე,საძოვარი.ამ ადგილებში ძველი ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.
116.ქვაწერილა-ქედი.სიტყვების - „ქვა“ და „წვერი“-ს შეერთებით არის მიღებული და ფონეტიკურად გამარტივებულს „ქვაწერილა“-ს ფორმა აქვს მიღებული.
117.ქვების თავი-ნაყანევი,საძოვარი.
118.ყანების თავი-საძოვარი,ფერდობი.
119.ყეზიასოული-ვენახი,სახნავი. ყეზია, (ყაზია) კაცის პიროვნული სახელია ( თურქული წარმოშობისაა ).
120.ყორნალა-სახნავი.
121.ყორნალის სერი-მთა.
122.ყორნალის ღელე-ღელე.მდ.საკრაულის მარჯვენა შენაკადი.
123.შავღელე-ღელე.მდ.საკრაულის მარცხენა შენაკადი.
124.შუა სერი-ტყიანი ვაკე ადგილი.
125.შუასერისღელე-ღელე.მდ. საკრაულის მარცხენა შენაკადი.
126.შუბიქედი-მთა. კომპოზიტია.სიტყვების - „შუბისა“ და „ქედის“ შეერთებით არის მიღებული.
127.ჩრდილი-სახნავი.
128.ჩრდილის ღელე-ღელე.მდ.საკრაულის მარჯვენა შენაკადი.
129.წვერი-მთა.
130.წყაროდუბე- წყარო.
131.წყაროები-ადგილის საერთო სახელწოდება სოფ.საკრაულის სიახლოვეს,სადაც ერთმანეთისგან მცირე მანძილით დაცილებული რამდენიმე წყარო ამოედინება მიწიდან.
132.ჭალისუბანი - სოფლის უბანი.
133.ჭირმანა -სახნავი,საძოვარი.ადრე აქ მოსახლეობა ცხოვრობდა და სოფლის ერთ-ერთი უბანი იყო.ტოპონიმი სიტყვების -„ჭურისა“ და „მარანის“ შეერთებით არის მიღებული და ფონეტიკურად ძლიერ გამარტივებული, „ჭირმანა“-ს ფორმით კომპოზიტად ქცეულა.
134.ჭოკნარის ძირი - ფერდობი.
135.ჭურათი - სახნავი,საძოვარი.
136.ჭყონიების უბანი - სოფლის უბანი.
137.ხეხილეები - ხეხილის ბაღი,სახნავი.
138.ხიტორია - ნაყანევი,საძოვარი.ადგილის სახელწოდება „ხიტორია“ – „ხიტირი“-ს სახეცვლილი ფორმაა. „ხიტირი“ იმერეთსა და გურიაში ჰქვიოდა ხშირმარცვლიან საადრეო ჯიშის ღომს.ასე,რომ ტოპონიმი ხიტორია მიანიშნებს იმ ადგილს,სადაც ადრე ამ ჯიშის ღომი ითესებოდა.აწარმოებს „ა“ მატოპონიმირებელი აფიქსი.
139.ხუზიარი - სოფლის უბანი.ტოპონიმის ეტიმოლოგია კაცის პიროვნულ სახელს,ან მეტსახელ “ ხუზია“-ს უნდა უკავშირდებოდეს.
140.ხუროთი - ტყე,საძოვარი (ეტიმოლოგია გაურკვეველია).
141.ხუხუნეები - სახნავი.ხუხუნა კაცის საკუთარი სახელია,რომელსაც ტოპონიმში „ებ“ ფორმანტი აწარმოებს. ამ და ზოგიერთ სხვა შემთხვევაში „ებ“ აფიქსი აქ მრავლობითობას კი არ აღნიშნავს,არამედ მიანიშნებს ადგილის სიდიდეს (შეადარეთ ბაღდათის მთის სოფლების ტოპონიმიკიდან ადგილის სახელები: სილეები,ცივები,ლაშეები და სხვა).
142.ჯაბანოურა - ნაყანევი,საძოვარი. ჯაბანა კაცის ძველი ქართული სახელია.
143.ჯაფარიძეების უბანი - სოფლის უბანი.
144.ჯოხაძეების უბანი - სოფლის უბანი.
ზურაბ თოლორდავა