27/08/2026
გიწვევთ ტყიბულის მუზეუმში - გამოფენაზე "+175" - აქედან იწყება ტყიბული.
„+175“ - არა მხოლოდ სამთო ნიშნულია, არამედ ტყიბულის ისტორიის, იდენტობისა და მეხსიერების სიმბოლური კოორდინატი. იგი ზღვის დონიდან 175 მეტრზე მდებარე ჰორიზონტს უკავშირდება - მიწისქვეშა სამყაროს, სადაც მეშახტეთა შრომამ ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრა ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცხოვრება.
სწორედ სახელწოდებით „+175“ იხსნება გამოფენა 2026 წლის 30 აგვისტოს, ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ტყიბულქალაქობისა და მეშახტის დღის ფარგლებში.
გამოფენა მუზეუმის ისტორიაში განსაკუთრებულია. მისი კონცეფცია ეფუძნება ტყიბულის ინდუსტრიული წარსულის გააზრებას არა მხოლოდ როგორც სამრეწველო ისტორიის, არამედ როგორც ქალაქის კულტურული მეხსიერებისა და იდენტობის ნაწილისა. ხელოვნების ნიმუშები, ისტორიული დოკუმენტაცია და მუზეუმის ფონდებში დაცული ექსპონატები ერთ სივრცეში ქმნის დიალოგს წარსულსა და აწმყოს, დოკუმენტსა და ხელოვნებას, ფაქტსა და მეხსიერებას შორის.
ექსპოზიციაში პირველად ერთ სივრცეში იყრის თავს მუზეუმის სახვითი ხელოვნების კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი. დამთვალიერებელი იხილავს გერმანელი მხატვრის, კრისტიან ოელერის, აქამდე უცნობ ფერწერულ ნამუშევრებს; ნატალია ფალავანდიშვილისა და მარგარიტა თუშმალიშვილის ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს — მხატვარ ქალთა ჯგუფის წევრების, რომელიც ელენე ახვლედიანის თაოსნობით ჩამოყალიბდა; ასევე, თანამედროვე ქართველი მხატვრის ლუიზა ლაფერაძის, ნამუშევარს. წარმოდგენილი ავტორების შემოქმედება მუზეუმის სივრცეში პირველად იფინება.
ექსპოზიციას ავსებს ისტორიული დოკუმენტაცია და სამუზეუმო ექსპონატები, რომლებიც ტყიბულის სამრეწველო წარსულს, ქვანახშირის მოპოვების ისტორიასა და მეშახტეთა შრომას აცოცხლებს.
„+175“-ში სიღრმე მხოლოდ ფიზიკურ სივრცეს არ აღნიშნავს. ის გულისხმობს ისტორიის სიღრმეს, ადამიანურ გამოცდილებასა და კოლექტიურ მეხსიერებას. გამოფენა გვთავაზობს ტყიბულის განსხვავებულ წაკითხვას - ქალაქს, რომელიც ზედაპირზე ჩანს, მაგრამ რომლის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მიწისქვეშ, მეხსიერებასა და ხელოვნებაშია შემონახული.
„+175“ - შრომით შექმნილი, მეხსიერებით შენახული, ხელოვნებით გაცოცხლებული ქალაქის ამბავი.
გილოცავთ ტყიბულქალაქობას და მეშხტის დღეს!
ტყიბულუის მუზეუმი განსაკუთრებულ მადლობას უხდის დახმარებისა და თანადგომისთვის:
იოსებ სოფრომაძეს
ჯული ჯიშიაშვილს
დიანა ეგიაზაროვას
ანნა პასტერნაკს
არჩილ ჯიშიაშვილს
თამარ გაგლოევას
გიორგი სოფრომაძეს
ნიკოლოზ დოღონაძეს
ამირან ლაფერაძეს
ტყიბულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
30 აგვისტო, 2026
გამოფენა დამთვალიერებლებს ერთი თვის განმავლობაში უმასპინძლებს.
შესვლა თავისუფალია.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პაარასკევი
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია
საქართველოს კულტურის სამინისტრო
Georgian National Museum / საქართველოს ეროვნული მუზეუმი