13/10/2026
„ხშირად ემდურებიან ხოლმე ახალგაზრდებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრი ჭკვიანი, განათლებული, ზრდილი ახალგაზრდა გვყავს, უნდა ვიცოდეთ კარგისა და ცუდის გარჩევა და, რაც მთავარია, ვიპოვოთ გზა აღზრდისა. მე თამამად ვამბობ: ახალგაზრდობას უნდა დავუთმოთ ასპარეზი, მაგრამ არამც და არამც არ უნდა გავანებივროთ. ჩემს სიჭაბუკეში ძალზე გვიჭირდა. მე და ელენე ჩიკვაიძე ცეკვით ვშოულობდით ფულს ტანსაცმლისა და საჭმლისათვის. მაშინ კინოთეატრებში სეანსებს შორის კონცერტები იმართებოდა, სადაც სხვადასხვა მომღერალი და მოცეკვავე გამოდიოდა. მე და ლიალია ზოგჯერ 3-4 სეანს ვცეკვავდით. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ წუწუნით ახალგაზრდებს თავი შევაცოდო, უბრალოდ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობა შეხვდებათ. ისინი იოლად უყურებენ ცხოვრებას, არადა მეტი სერიოზულობა მართებთ. იაპონიაშიც ვასწავლიდი, არგენტინაშიც, სხვა ქვეყნებშიც. იქ მოსწავლეები სულ გაფაციცებულნი იყვნენ გაკვეთილზე, რომ არაფერი გამორჩენოდათ. იქ კლასში არასაბალეტო თემაზე საუბარი წარმოუდგენელია, სულ ყურადღებით არიან, იმიტომ, რომ სწავლაში ფულს იხდიან და პასუხისმგებლობაც მეტი აქვთ. პროფესიონალიზმი კი, მუდმივი სწავლითა და შრომით მიიღწევა, განსაკუთრებით ჩვენს პროფესიაში. ცხოვრება იმდენად რთულია, რომ სულ მოქმედებაში უნდა იყო ადამიანი, არ შეიძლება დროის ფუჭი დაკარგვა.“
ვახტანგ ჭაბუკიანი
ფოტოზე: ვახტანგ ჭაბუკიანი მოწაფეებთან ერთად
#ვახტანგჭაბუკიანი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება