საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება      Geographical Society of Georgia არასამთავრობო ორგანიზაცია. დაარსებულია 1924 წელს. აერთიანებს 1500-მდე ნამდვილ და ასოცირებულ წევრს

დღეს, 2 ივლისს, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ქართული გეოგრაფიული და გეოლოგიური მეცნიერებების მემატიანე, გეოგრაფიული საზოგა...
02/07/2026

დღეს, 2 ივლისს, უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ ქართული გეოგრაფიული და გეოლოგიური მეცნიერებების მემატიანე, გეოგრაფიული საზოგადოების უხუცესი წევრი ქალბატონებს შორის, საქართველოს თავად-აზნაურთა საკრებულოს წევრი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰიდროლოგ-კარსტოლოგი ელენე აბაშიძე (18.03.1922-28.06.2026).

ელენე აბაშიძე გახლდათ ქალი მეცნიერი, რომლის ნოვატორულმა შრომებმა კარსტის განვითარების, კერძოდ გლაუკონიტიანი კირქვების ხსნადობისა (შაორის კარსტული მხარის მაგალითზე) და კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმის შესახებ მსოფლიო მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო. მისმა კვლევებმა გადატრიალება მოახდინა კარსტოლოგიის სფეროში, რის გამოც ამერიკის ბიბლიოგრაფიების საერთაშორის ინსტიტუტმა მას "წლის ქალის" წოდება მიანიჭა (1998 და 2003 წლებში) და მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერ ქალთა ასეულში შეიყვანა. ქალბატონი ელენე 2 სამეცნიერო მონოგრაფიის, 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 13200 ექსპერიმენტის ავტორია. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე ბიოგრაფიული ხასიათის რამდენიმე წიგნი.

ელენე აბაშიძე, ეს 104 წლის დღეგრძელი, მშვენიერი, ლეგენდარული ქალბატონი იმ გამორჩეულ, ღირსეულ მამულიშვილთა რიცხვს ეკუთვნის, რომლებმაც თავისი საინტერესო ცხოვრებითა და სამეცნიერო მოღვაწეობით მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ვალმოხდილებმა დატოვეს მიწიერი სამყოფელი. დღეს კი მისმა სხეულმა სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მშვიდობით ქალბატონო ელენე, მსუბუქი ყოფილიყოს თქვენთვის მშობლიური ქართული მიწა!

40 წლის წინ, 1986 წლის 14 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში საზეიმოდ გაიხსნა ცნობილი ქართველი მეცნიერის, გეოგ...
16/06/2026

40 წლის წინ, 1986 წლის 14 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში საზეიმოდ გაიხსნა ცნობილი ქართველი მეცნიერის, გეოგრაფისა და ანთროპოლოგის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის ალექსანდრე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და მემორიალური მუზეუმის მოწვევით, მიმდინარე წლის 14 ივნისს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები, თსუ-ის მუზეუმის თანამშრომლები, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკები და საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ალექსანდრე ჯავახიშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობას ამსახველი ექსპოზიციები, ისაუბრეს ცნობილი მეცნიერის წვლილზე ქართული გეოგრაფიის განვითარებასა და ეროვნული სამეცნიერო გეოგრაფიული სკოლის შექმნის საქმეში, სითბოთი და სიყვარულით გაიხსენეს ის ღვაწლმოსილი ადამიანები, რომლებმაც 40 წლის წინ ხორცი შეასხეს მუზეუმის შექმნის დიდი ხნის ნალოლიავებ იდეას. შეხვედრა გაიმართა თბილ და მეგობრულ გარემოში. მოწვეულმა საპატიო სტუმრებმა შთაბეჭდილებების წიგნში საინტერესო და დასამახსოვრებელი ჩანაწერები დატოვეს.

ალექსანდრე ჯავახიშვილის მემორიალური მუზეუმის შემდეგ ღონისძიების მონაწილეები ეწვივნენ გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, რომელიც 2005 წლიდან ცნობილი ეთნოგრაფის სერგი მაკალათიას სახელს ატარებს. საველე-საექსპედიციო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად მოპოვებულმა ათასობით ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ამსახველმა მნიშვნელოვანმა ექსპონატებმა (დღეისათვის 120 000 ერთეული) და მუზეუმის გიდის სიღრმისეული ცოდნით გაჯერებულმა საინტერესო თხრობამ დამთვალიერებლებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ღონისძიების მონაწილეებმა მოინახულეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისში მდებარე XI საუკუნის ძეგლი, სამთავისის კომპლექსი და მის შემადგენლობაში არსებული გრანდიოზული ჯვარგუმბათოვანი ამაღლების საკათედრო ტაძარი; კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლი, სამი კომპლექსისაგან შემდგარი ანსამბლი — ამილახვართა ციხე-დარბაზები.

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის დაარსების საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ გასვლით ღონისძიებებში მონაწილენი შთაბეჭდილებებით სავსე და სასიამოვნო ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ საქართველოს დედაქალაქში.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეთა სახელით, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოება მადლობას უხდის გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელობას და სააგენტოს დაქვემდებარეში არსებული ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმისა და სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებს ღონისძიების საინტერესოდ დაგეგმვისა და გულთბილი მასპინძლობისათვის.

მიმდინარე წლის 2 მაისს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეები ეწვივნ...
04/05/2026

მიმდინარე წლის 2 მაისს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ვაკე-საბურთალოს გადასასვლელის მიდამოებში, მდინარე ვერეს ხეობაში მდებარე თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიურ ლაბორატორიას. მოსწავლეებს უმასპინძლა და მეგზურობა გაუწია გეოგრაფიის დოქტოორმა მერაბ ალავერდაშვილმა, რომელიც 1979 წლიდან ხელმძღვანელობს აღნიშნულ ლაბორატორიას. იგი ბავშვებს ესაუბრა 1962 წელს დაარსებული ჰიდრომეტეოროლოგური ლაბორატორიის საინტერესო ისტორიაზე და 2015 წლის 13 ივნისის მდინარე ვერეს ხეობაში განვითარებულ კატასტროფულ წყალმოვარდნაზე, რომელმაც მთლიანად გაანადგურა თსუ-ის ეს მნიშვნელოვანი სასწავლო-სამეცნიერო ბაზა (ორი სასწავლო კორპუსი, ბიბლიოთეკა, ხელსაწყო-იარაღების შესანახი შენობა, ორი მეტეოროლოგიური მოედანი, წყალსაზომი საგუშაგო). ბატონმა მერაბმა აღნიშნა, რომ 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თსუ-ის ადმინისტრაციისა და თბილისის მერიის მხარდაჭირით მოხდა სტიქიის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენა. გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ლაბორატორიის თანამშრომელთა მონდომებისა და ენთუზიაზმის წყალობით, დღეისათვის აქ ხორციელდება უწყვეტი ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორიგი, ნაწილობრივ სრულდება მეტეოროლოგიური, სრული დატვირთვით კი მდინარე ვერეზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებები. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გულისტკივილით ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ადმინისტრაციული შენობის არქონის გამო სასწავლო-სალექციო პროცესის აღდგენა ვერ ხერხდება, რაც უარყოფითად აისახება მომავალი სპეციალიტების განათლების ხარისხზე. ბატონმა მერაბმა საკვირაო სკოლის მოსწავლეებს აუხსნა ლაბორატორიის ტერიტორიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ უკანასკნელ ხანებში დამონტაჟებული თანამედროვე ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის ხელსაწყოების, მდინარის წყლის ზემოქმედებისაგან დამაწყნარებელი არხისა და ჰიდრომეტრიული ლარტყის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დამაწყნარებელ არხის მონაკვეთზე დამონტაჟებული მდინარის წყლის დონეების ცვალებადობისა და ატმოსფერული ნალექების ავტომატური სადგურის მუშაობის პრინციპები.

საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს მერაბ ალავერდაშვილს მასპინძლობის, ლაბორატორიის შესახებ საინტერესო და ისეთი სახის ამომწურავი, პრაქტიკული ინფორმაციის მიწოდებისათვის, რომელიც მათ უდავოდ წაადგება სასწავლო პროცესში.

მიმდინარე წლის 28 მარტს ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის ფარგლებში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა შეხვედრა ...
30/03/2026

მიმდინარე წლის 28 მარტს ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის ფარგლებში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა შეხვედრა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორთან, ახალგაზრდა მეცნიერთან და GIS სპეციალისტთან გიორგი კაპანაძესთან. იგი საკვირაო სკოლის მსმენელთა წინაშე წარსდგა პრეზენტაციით - "გეოინფორმაციული სისტემები და სასკოლო გეოგრაფია".

მომხსენებელმა საკვირაო სკოლის მსმენელებს გააცნო გეოინფორმაციული სისტემები (გის), როგორც მონაცემთა სივრცითი ანალიზის კომპიუტერულ-პროგრამული საშუალებები, რომელიც დღესდღეობით თანამედროვე მსოფლიოში წარმატებით გამოიყენება. XXI საუკუნე ინფორმაციის ახალი ერაა და პრაქტიკული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში წარმატების მიღწევა ოპერატიული გეოგრაფიული ინფორმაციის ფლობის, სივრცითი მონაცემების მართვისა და ანალიზის ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. მან მოსწავლეებს განუმარტა, რომ კვალიფიციური გეოინფორმაციული სისტემები დაფუძნებულია გეოდეზიის, ტოპოგრაფიის, კარტოგრაფიის იდეოლოგიურ საწყისებსა და სიღრმისეულ ცოდნაზე. სასკოლო გეოგრაფიის ელემენტარული საფუძვლების სწავლების გარეშე კი აღნიშნული მეცნიერებების დაუფლება და მონაცემთა ბაზებთან მათი ურთიერთშერწყმა ფაქტიურად წარმოუდგენელია. მოწვეული სტუმარი მოსწავლეებს ესაუბრა აგრეთვე სწავლების ინტერაქტიულ და კრეატიულ სხვადასხვა მეთოდზე (როგორიცაა: რუკების დანახვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელით შექმნილი რუკები, GPS თამაშები, კოორდინატების თამაში, GIS პაზლები, გეოგრაფიული ქუესტები, ამბის რუკები და ა. შ.), რომელიც საჭიროა გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნის მისაღებად და შემდგომში მის სიღრმისეულად დასაუფლებლად. მომხსენებელმა ასევე ისაუბრა GIS სპეციალისტების დასაქმების სფეროებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილში კი მომხსენებელმა ახსნა თუ როგორ მოხერხებულად შეიძლება გამოიყენო გუგლის "დედამიწაში" ჩანერგილი აეროგადაღება, 3D ობიექტებისა და გუგლის ქუჩის ხედვის რეჟიმი. საკუთარი გამოცდილების გაზიარების საფუძველზე კი (საქართველოს ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიაზე ლაშქრობის დროს მის მიერ მოპოვებული სხვადასხვა სივრცული მონაცემების ანალიზი და რუკის დამუშავება) მოსწავლეებს თვალნათლივ დაანახვა გეოინფორმაციული სისტემების პრაქტიკაში გამოყენების ფართო შესაძლებლობები.

შეხვედრის მიზანი იყო საქართველოში გეოინფორმაციული სისტემების პოპულარიზაცია ახალბედებსა და მოსწავლე-ახალგაზრდებს შორის და ისეთი ადგილობრივი საზოგადოების შექმნა, რომელიც დაინტერესებული იქნება გეოსივრცული ტექნოლოგიებით.

საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მსმენელთა საყურადღებოდ!28 მარტს, შაბათს, ...
25/03/2026

საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებასთან არსებული ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის მსმენელთა საყურადღებოდ!

28 მარტს, შაბათს, ნორჩ გეოგრაფთა საკვირაო სკოლის სტუმარი იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი კაპანაძე. იგი საკვირაო სკოლის მსმენელთა წინაშე წარსდგება პრეზენტაციით - "გეოინფორმაციული სისტემები და სასკოლო გეოგრაფია".

ლექცია გაიმართება საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზში. მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა N 11.

დასწრება თავისუფალია

საკონტაქტო ტელეფონი - 577 600 861

2026 წლის 17 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, ს...
18/03/2026

2026 წლის 17 მარტს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა გამოჩენილი ქართველი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორის ალქსანდრე ასლანიკაშვილის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, პროფესორმა ვლადიმერ პაპავამ. პროფესორ ალექსანდრე ასლანიკაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპიდენტმა ნანა ბოლაშვილმა. ცნობილი მეცნიერის შესახებ საინტერესო და თბილი მოგონებებით გამოვიდნენ მისი კოლეგები, მოსწავლეები და საქმიანობის გამგრძელებლები, ახლობლები და ოჯახის წევრები: გულიკო ლიპარტელიანი, ციალა ბექურაიძე, დალი ნიკოლაიშვილი, თენგიზ გორდეზიანი, ნოდარ მათიაშვილი, მანანა შარაშენიძე, ლია ასლანიკაშვილი, მელორ ალფენიძე, ლია მაჭავარიანი და სხვები.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტისა და საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა ყოველწლიური, შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც...
21/12/2025

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში გაიმართა ყოველწლიური, შემაჯამებელი კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილეს. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა და ალექსანდრე ჯავახიშვილის მოღვაწეობის შესახებ ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რევაზ გაჩეჩილაძემ. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ცამეტი მოხსენება, რომლებიც ეხებოდა გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემებს. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ-ის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის, თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებმა, ასევე დოქტორანტებმა. სხდომის სამეცნიერო ნაწილის დასრულების შემდეგ კონფერენციის მონაწილეებმა თავიანთ გამოსვლებში დიდი სითბოთი გაიხსენეს ცნობილი მეცნიერი, პროფესორი ნიკოლოზ ბერუჩაშვილი, რომელიც იყო 19 დეკემბერს, მოგზაურთა მფარველის - წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს გეოგრაფიულ საზოგადოებაში ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების ინიციატორი და სულისჩამდგმელი. მიმდინარე წელს საქართველოს გეოგრაფიულმა საზოგადოებამ უკვე ოცდამერვედ უმასპინძლა ღონისძიებას.

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, პარასკევს, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგადოებისა და ივანე ჯავა...
17/12/2025

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, პარასკევს, საქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახ. გეოგრაფიული საზოგადოებისა და ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება წლიური შემაჯამებელი სამეცნიერო კონფერენცია. შეგახსენებთ, რომ ღონისძიებას საფუძველი ჩაეყარა 1997 წელს პროფესორ ნიკოლოზ (ნიკო) ბერუჩაშვილის ინიციატივით. წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 28-ედ უმანსპინძლებს კონფერენციას და ამჯერად ღონისძიება საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის დაბადების 150 წლისთავს მიეძღვნება.

კონფერენციის პროგრამა

მოხსენების რეგლამენტი - 15 წუთი
შეკითხვები - 5 წთ.

დილის სხდომა
თავმჯდომარე გეოგრ. დოქტ. დალი ნიკოლაიშვილი

11.00 კონფერენციის გახსნა – საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, აკადემიკოსი რევაზ გაჩეჩილაძე

11.20 დალი ნიკოლაიშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – გეოგრაფია როგორც მეცნიერება: ალექსანდრე ჯავახიშვილის ხედვა

11.40 თენგიზ გორდეზიანი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), თედო გორგოძე (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო), გოჩა გუძუაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ზურაბ ლაოშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), საბა მოდებაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ქართველ კარტოგრაფთა დელეგაცია საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეგიდით ქ. ზადარში (ხორვატია) გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე. მომავლის პერსპექტიული კონტურები

12.00 რევაზ გაჩეჩილაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახ. უნივერსიტეტი) – საუდის არაბეთის ახალი გეოპოლიტიკის თავისებურებები

12.20 გულიკო ლიპარტელიანი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი), მანანა ქურთუბაძე (დამოუკიდებელი კარტოგრაფი) – საქართველოს რეგიონული ატლასების შესახებ

12.40 ციური ბერიძე (ვლადიმერ [ლადო] აღნიაშვილის საზოგადოება) – ლადო აღნიაშვილი და ფერეიდნელი ქართველები

13.00 ილია ოქრომელიძე (საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია) – საქართველოს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებზე ინფორმაციის დეფიციტი, რო-გორც ბუნებაზე დაფუძნებული ტურისტული პროდუქტების განვითარების დამაბრკოლებელი ფაქტორი

შესვენება 13.20 - 14.20

საღამოს სხდომა
თავმჯდომარე გეოგრ. დოქტ. თენგიზ გორდეზიანი

14.20 მანანა შარაშენიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – საქართველოს მევენახეობა - მეღვინეობის პრობლემები, მდგრადი განვითარების კონცეპტუალური საკითხები

14.40 მელორ ალფენიძე (სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ანაკლიის ლაზიკის სანავსადგურო კომპლექსის რეალიზაციის ბუნებრივ-მორფოდინამიკური წანამძღვრები და სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობა

15.00 ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი, ნინო ჯორბენაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი), ქეთევან რეხვიაშვილი (ქ. თბილისის 41-ე საჯარო სკოლა) – უცხოურ ტოპონიმთა მართლწერის ღია გაკვეთილები საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის

15.20 ნელი ჯამასპაშვილი (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – გეოგრაფიაში აღქმის საკითხზე: გეოსისტემების შეფასება მათთვის ესთეტიკური მნიშვნელობის ამა თუ იმ სტატუსის „მინიჭების“ მიზნით

15.40 რობერტ მაღლაკელიძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – ალექსანდრე ჰუმბოლდტის ნაშრომი ,,კოსმოსი'' და თანა-მედროვე გეოგრაფიის ზოგიერთი თეორიული საკითხი

16.00 ზურაბ ლაოშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) – ლანდშაფტის პერცეფცია მთის მდგრადი ტურიზმის განვითარებაში

16.20 მზია კუბეცია, მარიამ შანავა (ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) – იმერეთის ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების შეფასება ეკოლოგიური დაძაბულობის მიხედვით

16.40 კონფერენციის შეჯამება

კონფერენციის ჩატარების ადგილი: საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სხდომათა დარბაზი; მისამართი: თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა № 11

საკონტაქტო ტელეფონები: ოფისი – 995 322 996 187; მობილური – 995 577 600 861

Address

საქართველო, თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 11
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 11:00 - 18:00
Tuesday 11:00 - 18:00
Wednesday 11:00 - 18:00
Thursday 11:00 - 18:00
Friday 11:00 - 18:00
Saturday 11:00 - 16:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება Geographical Society of Georgia:

Shortcuts

Share