25/04/2024
3
კაკუნმა გამაღვიძა. ოხ ეს კაკუნი... დილა მშვიდობისა. ერთი წუთით, კარებზეა ვიღაც... უკაცრავად, მეზობელთან ყოფილან. ჩვენ, მეზობელთან საერთო კარი გვაქვს და როდესაც დენი არ არის, რაღა თქმა უნდა, ზარიც ვერ ირეკება. ბავშვები კი ყოველთვის აკაკუნებენ. ზარის ღილაკს ვერ წვდებიან და იმიტომ. ჰო ბავშვებზე გამახსენდა. პლანეტა "მამა"გამახსენდა, რომელიც დედამიწასთან შედარებით ცხირმოუხოცავი ღლაპია. მაგრამ , რაც გინდა ის უწოდე, ორიათასი სინათლის წლის რადიუსით აკონტროლებს გარემოს. მაყურებელია რა მოკლედ. - უკაცრავად, თქვენი ჯიშის პლანეტა თუ არის სადმე ახლო-მახლოში მეთქი, ვკითხე ერთხელ. - ჩემს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩენილია და შემოწმებული ოცდათორმეტ მილიონამდე ობიექტი, მაგრამ ჩვენი მსგავსი არც ერთი არ არისო. მიპასუხა მან. -თქვენისთანა მოაზროვნე არსებები, უმრავლესობაა. აი თქვენი პლანეტა კი განსხვავებულია ყველასგან. ჩემს მიერ შესწავლილ ყველა შემთხვევათა შორის, თქვენი შემთხვევა ერთადედრთია, სადაც მოაზროვნე არსება პარაზიტად კლასიფიცირდება. ეეჰეჰე... თურმე მართლა ვეშაპზე გვიცხოვრია და ვერ გაგვიგია. არა ბატონო!! არც მწვანეთა, არც წითელთა და არც ყვითელთა.არც ერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ და არც ვიქნები არასოდეს.(ეს ის შემთხვევაა, როდესაც უნდა თქვა არასოდეს) რომ არ გესიამოვნა, გასაგებია. არც მე მეხატება გულზე, როდესაც წარმოვიდგენ, რომ ტილივით შევჩენივარ ამ საცოდავს და სისხლს ვწოვ. ხან ვკბენ და ხან კიდევ რა. და ისიც მებრძვის. ხან ქარიშხალს დამატეხს თავზე, ხან წარღვნას. ხან ცეცხლსა და ლავაში ამომწვავს დედაბუდიანად. ხანაც მეზობელს წამკიდებს, იქნებ ამოხოცონო ერთმანეთი. მაგრამ არაფერი გამოსდის. არა, არა, ეს დაუჯერებელია როგორ შეიძლება ეს ამხელა ქვის გროვა ცოცხალი იყოს?! _თვითონ ქვები რა თქმა უნდა ცოცხალი არ არის - მიპასუხა ერთ-ერთმა პალმამ.- იგი საფარია, ეგრედწოდებული ჯავშნის ნაწილი. ატმოსფეროც და ჰიდროსფეროც ამ ჯავშნის ნაწილია. ეს ჯავშანი მას მეტეორიტებისაგან იცავს. მას ჩემსავით მათი აცდენა არ შეუძლია. _ ვინმემ თუ იცის ეს ყველაფერი, ჩემს გარდა, იქ, დედამიწაზე? - გავაგრძელე საუბარი მასთანვე. არა . კონკრეტული პასუხია. ისე რომც იცოდეს ვინმემ, ვინ დაუჯერებს. წარმოიდგინე ეხლა ,რომ მე განვაცხადო თბილისში პირველ არხზე (თუ შემიშვეს, რა თქმა უნდა), რომ ჩვენ ცოცხალ, მოაზროვნე არსებაზე ვცხოვრობთ და თანაც ვაწუხებთ. ეგრევე ასათიანზე გამამწესებენ. ვინ იცის რამდენი მართალი კაცია იქ. მაგრამ მართალი და ჭკვიანი ხომ ერთიდაიგივე არაა. პარაზიტიო...არა, ეგ რომ დედამიწის მოსახლეობამ იცოდეს, ნეტავ გაბურღავდა კიდევ ჭაბურღილებს ნავთობის მოსაპოვებლად, ანდა შახტებს გათხრიდა, უამრავი მადნის მოსაპოვებლად?! ალბათ გათხრიდა. ალბათ გაბურღავდა. აბა სადილს მზეზე ხომ არ გააცხელებენ ან ურმით ხომ არ ივლიან?! არადა თურმე ვაწუხებთ, და ისიც გვებრძვის.. ჩაუჯდება თავის ბიოლაბორატორიას და იგონებს ჩვენთვის თავსატეხს. შავი ჭირი გნებავთ? აგერ, მიირთვით! კეთრი? - რამდენიც გენებოს! დაამზადებს ახალ პარტიას დაფშუტ...გამოატანს რომელიმე გეიზერს ან მდინარეს და იწყება ფაცი ფუცი. - მილიარდი დოლარი იმას, ვინც შიდსის ვაქცინას მოიგონებს!!! - არ კეთდება ბატონო შიდსის ვაქცინა. გაუმართლა მგონი. მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცას ვიღონებთ. არც მასეა საქმე. მოკლედ მტრები ვარ დაუძინებელი. მოყვრებიც ყავს? აააა?! მოყვრები ესე იგი. აი ეგ მოყვრები უნდა დაასახლო "მამაზე" ერთი- ორი წლით, და ჩემსავით მწვანე სიზმრები რომ დაესიზმრებოდათ, მაშინ გახდებოდნენ ნამდვილი მოყვრები. ( რწყილი რა ფრადაც არ უნდა შეღებო, კბენას არ მოიშლის.) რა მაგის პასუხია და აგერ, აქვე, კენტავრის ალფა სისტემის მეოთხე პლანეტა, მოაზროვნე კალიებით ყოფილა დასახლებული. ლამის შიმშილით ამოწყვეტილან საცოდავები. გამრავლებულან ნამეტნავად და აღარ ეყოთ ეს ბალახი.. ჰოდა რაღა მოაზროვნეები იქნებოდნენ ეს "მარტივი" პრობლემა რომ ვერ გადაეწყვიტათ. შეიკრიბნენ და მოილაპარაკეს თავშეკავების შესახებ. აბა ხომ არ ამოწყდებოდნენ მართლა. ახლა უკვე მადიანად შეექცევიან ბალახს. ჰყოფნით. მოკლედ, ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი. აღარც ლაპარაკი მინდოდა, აღარც კაკუნი და მით უმეტეს, ვიღაცის თარჯიმნობა. ჭამა? ჭამა კი. მინდოდა. საიდან მოჰქონდათ ეს საჭმელი, ვერაფრით გავიგე. ისე, სიმართლე რომ გითხრათ, არც ძალიან მიცდია რომ გამეგო. რამდენიმე ჟესტი ვასწავლე მამელებს და ახლა დისტანციაზეც გადავცემდი ინფორმაციას. მაგალითად, ორი ხელი მაღლა ნიშნავდა შიმშილს. ერთი ხელი მაღლა ნიშნავდა იმას, რომ შეკითხვა მაქვს. ორი განზე გაშლილი ხელი, მეძინებას ნიშნავდა. ერთი განზე გაშლილი... გაინტერესებს ახლა ეს შენ? ვინ იცის შენი რამდენი გაქვს საფიქრალი? მე კიდევ რამდენს გიმატებ. ხან ცოცხალი პლანეტაო. ხანაც ყრუმუნჯებიო. ხან რა მოგიგონე და ხან რა, მაგრამ რას გეტყვი იცი?! თუ ძალიან სერიოზული და გადაუდებელი საფიქრალი არა გაქვს რამე, იქნებ ჩემთვისაც მოიცალო. ცოტა. კარგი?! მტრობა და მოყვრობა იქეთ იყოს, ფაქტი ფაქტად რჩება, ჩვენ ვცხოვრობთ მასზე და ამას წყალი არ გაუვა და ამ თანაცხოვრებას უამრავი პრობლემა აფერხებს. ერთ-ერთი პრობლემა საკმაოდ გავს პლანეტა "მამას" პრობლემას, რომლის გადასაჭრელადაც ამსიშორეზე წამომაპორწიალეს.. ეს არის კონტაქტის უქონლობა. და მეორე. ის არის ერთი და ჩვენ ვართ მრავალი. თუ პლანეტა "მამამ" შეიტყო, რომ ჩვენი პლანეტა, დედამიწა ცოცხალია, ეს მან ან "ვინმესგან" ან უშუალოდ დედამიწისგან შეიტყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი კონტაქტი დედამიწასთნ შესაძლებლად მივიჩნიე. (თუ არა და, არ გავყვები თარჯიმნად იმ რაღაც პლანეტაზე!) დიახ! აი ასე მომინდა დედამიწასთან კონტაქტის დამყარება. როგორ გამომივიდოდა ეგ ამბავი, არ ვიცოდი, მაგრამ ეგ იმას ხომ არ ნიშნავს , რომ არ სცადო. ჰოდა ვცადე. ავწიე მაღლა ერთი ხელი და ერთის ნაცვლად, ოთხი მაგნოლია მოფრატუნდა ჩემთან და ტოტები გამომიშვირა. როგორც ქსილოფონზე დაგიკრავს, ისე ჩამოურაკრაკე ჩემი კითხვა, სახლიდან წამოღებული გაუთლელი ფანქრით. ჩემმა წინადადებამ ძლიერ იმოქმედა მათზე. თითქოს ემოციაც კი შევამჩნიე, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ეს ემოცია მხოლოდ იმაში გამოიხატა, რომ ტრადიციული მყისიერი პასუხის ნაცვლად, საკმაოდ შეყოვნებული პასუხი მივიღე. პასუხი კი დამაფიქრებელი იყო. "კონტაქტი შეუძლებელია". - როგორ კაცო?! ვერ გავიგე? რატომ? რა, მოსწონ ასე ყოფნა? რაში აწყობს? თუ ღირსად არ გვთვლის? იქნებ ისიც ყრუმუნჯია ან კიდევ უარესი? იქნებ პლანეტა "მამას" ეზარება შუამავლობა და რაღაც მიზეზებს იგონებს?! არა. ისევ მას შევეკითხები. დაწვრილებით პასუხს ისევ მისგან თუ მივიღებ, თორემ... ნეტავ ტოტები არ სტკივათ ამდენი კაკუნისგან. მოიცა, მოიცა, რაღაც ვერ გავარჩიე. ცალი ხელი განზე გავწიე, რაც გაიმეორეს ნიშნავდა. გამიმეორეს. "ფსიქო-ფილოსოფიური გავითარების დონის რადიკალური სხვადასხვაობის გამო, უშუალო კონტაქტი შეუძლებელია". თარჯიმანი? თარჯიმანიც არ შეიძლებაო? - არაო! არ შეიძლებაო! - იმიტომ რომ, იმიტომ რომ არ შეიძლებაო და მორჩა, ვა!! ბევრი იკაკუნეს თუ ცოტა, ბოლოს მაინც მიმახვედრეს, რაშიც იყო საქმე. "მამელებმა" ჩამთვალეს ღირსად, უფრო დაწვრილებით აეხსნათ ყველაფერი. ჩემი ფსიქიკა ამ ბოლო დროს ისე დაიძაბა, რომ უკვე ზღვარზე იყო და საკმაოდ ძნელი საწინასწარმეტყველო იყო ჩემი მდგომარეობა. ამიტომ სარისკო იყო ამჟამად ნებისმიერი უცხო კონტაქტი და მით უმეტეს, დედამიწასთან. რატომ მით უმეტეს, ეგეც ამიხსნეს. უკანასკნელად დედამიწიდან საინფორმაციო ნაკადი წამოვიდა დაახლოებით ორასორმოცდაათი მილიონი წლის წინ. კიდევ კარგი ადამიანები მასზე არ ცხოვრობდნენ. მაშინ დინოზავრები ცხოვრობდნენ და ისიც მოგეხსენებათ, რაც მაშინ მათ დაემართათ. (ჭორაობდა ვიღაცასთან) ადამიანები მაშინ, მარსზე ცხოვრობდნენ და ძალიან უჭირდათ. მარსი კვდებოდა. როგორც პლანეტა "მამა" იუწყებოდა, ადამიანით პლანეტის ინფიცირება იუპიტერზე მოხდა. მაშინ ის დედამიწასავით მესამე პლანეტა ყოფილა, ოღონდ ეს ინფორმაცია, პლანეტა მამამ მზისგან გაიგო. მაშინ, არც მერკური, არც ვენერა და არც პლანეტა მამა, გეგმაშიც კი არ ყოფილა. ესეიგი, რა გამოვიდა? მზე ყოფილა მთავარი მშობელი და ეს პლანეტები კი მათი შვილები? გაგიჟება შეიძლება. ესეიგი მარსი და იუპიტერი მკვდარია? ვიკითხე მე სასოწარკვეთილმა. არაო. დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა მორიგმა ბუჩქმა. მარსი კი, მაგრამ იუპიტერი არაო. მკვდარია ნეპტუნი და პლუტონიო. სატურნი და იუპიტერი კი ორივე ჯანზეაო და იუპიტერმა შეიძლება ცალკე ცხოვრებაც კი მოინდომოსო. ყველაზე ძალიან მაინტერესებდა, როგორ მოხვდა ადამიანი იუპიტერზე, მაგრამ, რაც არ ვიცი, არ ვიციო. მიპასუხა პლანეტა "მამამ". ის კი მითხრა, რომ როდესაც იუპიტერმა სწრაფი ზრდა იწყო, მასზე ცხოვრება გაუსაძლისი გახდა ადამიანებისათვის. მარსი იყო ერთადერთი გამოსავალი. მასიურად ეს ვერ მომხდარა. ის ვინც დარჩა იუპიტერზე, განადგურდა და ვინც გადასახლდა მარსზე-გააგრძელა ადამიანთა მოდგმა, მაგრამ მარსს ეს ძვირად დაუჯდა. ძვირად დაუჯდა ადამიანებსაც. მკვდარ, უატმოსფერო პლანეტაზე ერთადერთი გადარჩენა მიწისქვეშა ცხოვრება იყო. შემდეგ იყო დედამიწაზე გამგზავრება და იქ დასახლება. თავიდან, უმნიშვნელო რაოდენობა ადამიანებისა არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ როდესაც სწრაფი გამრავლება დაიწყო, მაშინ დაიწყო დედამიწამ უკიდურესი ზომების გატარებაზე ფიქრი. ძილის წინ ბუზები ხომ დაგიხოცავთ და მერე გადაბრუნებულხართ და დაგიძინიათ ტკბილად. დედმიწამაც დაახლოებით ასეთი რამ მოიმოქმედა, მაგრამ ის ბუზი, რომელიც სულ დაფრინავს, ცოტა არ იყოს , ძნელი მოსაკლავია. ორბიტაზე ორი პილოტირებული ხომალდი გადარჩა. მეორედაც სცადა დედამიწამ ჩვენი თავიდან მოშორება. წყლით სავსე ვედრო ვერტიკალურ წრეზე თუ დაგიბრუნებია. (აუუ, გამომივიდა რა ესეც გულოიანი. კაი ჰო, სათლი.) გეცოდინება, რომ წყალი არ იღვრება, მაგრამ თუ დაამუხრუჭე... ჰოდა ასე დაამუხრუჭა დედამიწამაც. იქ ამბავი დატრიალებულა, მტერს არ ვუსურვებ, მაგრამ ადამიანი მაინც გადარჩენილა. წყალქვეშა ნავებში. მოკლედ გადავრჩით. რამდენი ვილაქლაქე არა?! აბა რა მექნა? არ მომეყოლა ეს ეგზომ საინტერესო ამბები ჩვენს შესახებ. ეს ხომ ჩვენი ისტორიაა! არა, რა თქმა უნდა შენ სრული უფლება გაქვს არ გჯეროდეს, მაგრამ, ბოლომდე წაკითხვის სურვილი თუ კიდევ შეგრჩა, ეგ უკვე კარგია. ესეიგი გაინტერესებს. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრულიც. ჰოდა მეც აქ დავიწყებ დასრულებას.