მუზეუმში დაცულია სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალები, ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები (X ს-ის მაცხოვრის ხატი, XI ს-ის I ნახევრის ხატები აღსაყდრებული ქრისტეს გამოსახულებით და ასანის წმ. გიორგის ხატი, XII ს-ის “ორმოცი მოწამის ხატი” და “ჯვარცმის ხატი”, ღვთისმშობლის IX-X სს-ის ფერწერული ხატები და სხვა, სარიტუალო ნივთები – IX-XIV სს
-ის სამწერობლები და სხვა), უძველესი ხელნაწერები (XI-XIII სს-ის ჰადიშის, ლაბსყალდის, იენაშისა და მესტიის ხელნაწერი ოთხთავები მოჭედილი ყდებით), ადრეული და გვიანი შუასაუკუნეების საომარი აღჭურვილობის, რკინის, ვერცხლის, სპილენძის ნაკეთობების, სამკაულების, ჭურჭლის, ქსოვილების ნიმუშები, ძველი სვანეთის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები და სხვა.
მესტიის სეტის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაცული სიძველეების ბაზაზე დაარსებული სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი თითქმის საუკუნეს ითვლის.
მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის ექვსი დარბაზია. ისტორიაში მოგზაურობა სვანეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალით იწყება. არქეოლოგიური მონაპოვრები სვანეთში ძვ.წ. III ათასწლეულიდან აქტიურ კულტურულ და სოციალურ ცხოვრებას ადასტურებს, ანტიკურ ხანაში კი - ამ კუთხის კოლხეთისგან, ოქროს საწმისის ქვეყნისგან, განუყოფლობას. სვანეთის მუზეუმის კოლექციებში მრავლადაა კერამიკის, სამკაულის, საკულტო ნივთების, საბრძოლო და სამეურნეო იარაღისა და ნუმიზმატიკის კოლექციები.
სვანეთის ნუმიზმატიკური კოლექცია მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც იმითაა განპირობებული, რომ მასში დაცული მონეტების უმეტესობა საეკლესიო განძებს წარმოადგენს, რომლებშიც საუკუნეების განმავლობაში თავს იყრიდა საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევაში მყოფი ფული. ექსპოზიციაზე ქრონოლოგია ძვ.წ. V საუკუნეში მოჭრილი „კოლხური თეთრით" იწყება და XX საუკუნის საბჭოური მონეტებით მთავრდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ადგილობრივი, ქართული და უცხოური მონეტების როგორც ერთეული აღმოჩენები, ისე განძები. მათგან აღსანიშნავია: ალექსანდრე მაკედონელის ოქროს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის ადგილობრივი მინაბაძი, ავგუსტე კეისრის დენარის მინაბაძი, პანტიკაპეის ოქროს სტატერი, არაბული დირჰემი, ბიზანტიური, ირანული, სელჩუკური, მონღოლური, დავით აღმაშენებლის, გიორგი III-ის, თამარის, გიორგი IV ლაშას, რუსუდანის, რუსული და ევროპული (პოლონური, დანიური, გერმანული, ჩეხური) მონეტები.
სვანეთში დაცული ქრისტიანული კულტურის კოლექციები შუა საუკუნეების ქართული, სირიული, ბიზანტიური თუ ევროპული ხელოვნების უამრავ უმნიშვნელოვანეს ძეგლს მოიცავს. მუზეუმის ჭედური ხატების უმრავლესობა სვანი ოსტატების მიერ არის შესრულებული. თანდართულმა წარწერებმა ზოგიერთის სახელიც შემოინახა. მუზეუმში ინახება XI საუკუნის ოსტატთა, გვაზავაისძეთა, ნახელავი ხატები: დიოკლიტიანეს მლახვრავი წმ. გიორგისა (ოსტატი ასანი) და ქრისტე პანტოკრატორისა (ოსტატები გიორგი და თევდორე).
მუზეუმის უნიკალურ ქართულ ფერწერულ ხატებს შორის ე.წ. დედაქალაქური სკოლის ნიმუშიც არაერთია და ე.წ. ხალხური ნაკადის ოსტატთა მიერ შესრულებულიც. აღსანიშნავია: მათგან უადრესი, ჩვილედი ღმრთისმშობელი და წმ. ბარბარე (IX-Xსს.); ასევე წმ. იონა წინასწარმეტყველის (XIIს.), ჩვილედი ღვთისმშობლის (XIIს.), წმ. გიორგის (XIIIს.), წმ. მხედრების (XIIIს.), წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის (XI-XIIსს.), ორმოცი სებასტიელი მოწამის (XIIს.); მაცხოვრისა (XI-XIIსს.) და ლაზარეს აღდგინების (XIIს.) ხატები. გამორჩეულია მუზეუმში დაცული რელიქვარიუმები, რომლებიც ჭედურობით შემკულ ფერწერულ ხატებს წარმოადგენს, მათ შორისაა: ჯვარცმის (XI-XIIსს.) და რუსუდან დედოფლის აღმზრდელის - სილიხანის მიერ შეწირული (XIIIს.) ხატები.
მუზეუმის ხელნაწერების ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეტრატზე და ქაღალდზე შესრულებული IX-XVIII საუკუნეების სასულიერო მწერლობის ძეგლები - პალიმფსესტური ფურცლები, ჭედურობითა და მხატვრობით შემკული წიგნები.
აღსანიშნავია, 897 წელს შატბერდში გადაწერილი, თარიღიან ოთხთავებს შორის უძველესი ადიშის ოთხთავი; მესტიის (1033წ.), ლაბსყალდისა (XIIს.) და იენაშის (XIIIს.) ოთხთავები.
ხელნაწერთა კოლექციაში ასევე დაცულია X საუკუნის იერუსალიმის განჩინება (ლატალის ლექციონარი) და X-XI საუკუნეების, გამორჩეული კალიგრაფიული ნუსხურით შესრულებული ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები; წვირმის, იელის, ადიშის იადგარები. მათში VIII-X საუკუნეების ბიზანტიური ჰიმნოგრაფიის უძველესი ქართული თარგმანებია თავმოყრილი. აქვეა, ხეზე დაწერილი საბუთები (XIV-XV სს) და ძველნაბეჭდი წიგნები (XVIII-XIX სს.), მათ შორის ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი თუენი (XVIII ს.).
სვანეთის ტრადიციული ყოფა მუზეუმში მრავალმხრივ არის წარმოდგენილი: XIX საუკუნის ფოტოებით; სვანური საცხოვრისის ელემენტებით (კერია, ორნამენტებით შემკული ხის საკარცხულები, სკივრები, ჭურჭელი); სამეურნეო და საბრძოლო იარაღით, სამკაულებით და, რაც მთავარია, მესტიასა და უშგულში მდებარე კოშკებით, რომლებიც დღემდე ინახავს სვანი ხალხის საუკუნოვან რწმენა-წარმოდგენებს.
სვანეთის თვითმყოფადი კულტურის შესახებ სრული წარმოდგენის შესაქმნელად, დამთვალიერებელს საშუალება აქვს, ეწვიოს სვანეთის ისტორიის და ეთნოგრაფიის მუზეუმის N1 ფილიალ „სვანურ სახლ კოშკ-მაჩუბს“ მესტიაში და N2 ფილიალს უშგულის კოშკ მუზეუმს.