17/08/2026
რამდენიმე ხნის წინ საქართველოს მთამსვლელობის მემატიანემ ვანო ჯაფარიძემ თავის გვერდზე გამოაქვეყნა მოგონება ნატო ვაჩნაძეზე Ivane Japaridze
,, ჩვენი ოჯახის არქივში, ძველი ფოტოების დახარისხებისას, წავაწყდი ახალგაზრდა ნატო ვაჩნაძის ფოტოს, რომელსაც უკანა მხარეს ჰქონდა ჩემი უფროსი ბიძის - ცნობილი მთამსვლელისა და გეოლოგის სიმონ ჯაფარიძის ხელით შესრულებული წარწერა - „მყინვარ-წვერი 1926 წ.“
ჩემთვის უცნობია, ამ დროს ნატო ვაჩნაძის სტეფანწმინდაში ყოფნის მიზეზი, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ 1926 და 1927 წლის ზაფხულში სიმონ ჯაფარიძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე მოეწყო უმნიშვნელოვანესი ასვლები. 1927 წლის ექსპედიციის წიგნად გამოცემული აღწერილობის მე-10 გვერდზე კი ვკითხულობთ „მეოთხე საათი იყო ჩვენი მანქანა სტეფანწმინდაში სასტუმრო „საქართველო“-სთან რომ გაჩერდა. აქ ჩვენი მასპინძელია იაგორა ხახლიშვილი, რომელიც მუდამ ჩვენს მთამსვლელთ უფასოთ უთმობს ხოლმე ბინას. აქვე იყვნენ საქართველოს კინო მრეწველობის მუშაკნი რეჟისორ ნიკოლოზ შენგელაიას მეთაურობით. ალექსანდრე ყაზბეგის „ელისო“-ს იღებდნენ იმ ხანებში“... ნიკოლოზ შენგელაიამ გამოთქვა სურვილი ჩვენი ასვლის ზოგიერთი მომენტების გადაღების შესახებ, ჩვენც მოხარული ვართ.
7 ნოემბერი. ამინდი მშვენიერი დგას. მყინვარწვერი ნაზად დაგვცქერის. მოვიდნენ სოფელ ცდოდან გახა წიკლაური 6 კაცით და სტეფანწმინდიდან იაგორა კაზალიკაშვილი 5 კაცით... ჩვენ ყველანი გამოწყობილნი და მზათა ვართ სამგზავროთ. კინი ექსპედიციამ დაიწყო ჩვენი გადაღება. ოპერატორია კერესელიძე, გადაღებას ხელმძღვანელობს თვით ნიკოლოზ შენგელაია. სრული 12 საათი იყო სტეფანწმინდიდან რომ გავედით. მივდივართ ერთ მწკრივად. წინ გახა მიგვიძღვის. სულ ვართ ოცი კაცი: შვიდი ტფილისელი და ცამეტი მოხევე“.
ყოველივე ზემოაღწერილიდან გამომდინარე, ვფიქრობ „ელისოს“ გადაღება 1926 წელსაც მიმდინარეობდა და ნატო ვაჩნაძის ეს ფოტოც მაშინ უნდა იყოს გადაღებული, ხოლო ფოტო ვისი გადაღებულია არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ნატო ვაჩნაძის ეს ფოტო სხვაგან არ შემხვედრია."
იმავე დროს ჩვენ შემთხვევით ვნახეთ ორგანიზაცია ,,ლევილი-1918" -ში შუშის პოზიტივები სადაც ჩვენი ვარაუდით იმ ცამეტი მოხევის ფოტოა. შუშის პოზიტივი მობილური ტელეფონით გადავიღეთ და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გავაფერადეთ. სურათზე ცენტრში ზის იაგორ კაზალიკაშვილი მის მარჯვნივ გახა წიკლაური, იაგორადან მარცხნივ მეორე არშაკ ზაგაშვილია. დანარჩენებს ვერ ვცნობთ. თუ ვინმე იცნობთ თქვენს წინაპრებს მოგვწერეთ