შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი

შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მუზეუმთა ჯგუფი - ხელოვნების მუზეუმი

გვერდი ემსახურება სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - ღონისძიებებისა და კოლექციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პოპულარიზაციას.

28/08/2026

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გილოცავთ მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

07/08/2026

📍 მილანის Gallerie d'Italia-ში მიმდინარეობს გამოფენა „სილამაზე და სიმახინჯე აღორძინების ხანაში“, რომელიც რენესანსის სრულიად განსხვავებულ, ბნელ და არატრადიციულ მხარეს წარმოაჩენს.

🖼️ გამოფენაზე, ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელისა და სხვა დიდი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, ექსპონირებულია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის კოლექციებში დაცული ლუკას კრანახ უფროსის ფერწერული სურათი „შეუფერებელი წყვილი“.

28/07/2026

2026 წლის 2 აგვისტოს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ გალერეაში სცენის მხატვრის, დიმიტრი თავაძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

გამოფენის გახსნის ღონისძიებაზე გაიმართება ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის „დიმიტრი თავაძე. სცენის მხატვარი“ პრეზენტაცია, რომელიც დიმიტრი თავაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავს.

ქართული თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების ისტორიას მრავალი გამორჩეული მხატვარი ქმნიდა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დიმიტრი თავაძეს უჭირავს, სცენოგრაფს, რომელმაც მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა და ქართული სცენოგრაფიის, როგორც სახვითი ხელოვნების დამოუკიდებელი დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.

დიმიტრი თავაძე 1911 წელს სოფელ თხილაგანში დაიბადა. მან საშუალო განათლება ქუთაისის რეალურ სასწავლებელში მიიღო. პარალელურად ხატვას ვანო ჭეიშვილის სტუდიაში პეტრე ოცხელთან ერთად ეუფლებოდა. 1926 წლიდან სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ გიგო გაბაშვილი, იოსებ შარლემანი და ევგენი ლანსერე. 1927 წლიდან მისი შემოქმედებითი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრს, სადაც მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, მხატვრად, მოგვიანებით კი- მთავარ მხატვრად. მისი როგორც ამ თეატრის მხატვრის დებიუტი 1932 წელს შედგა მის მიერ გაფორმებული სპექტაკლით - სალტე.

მხატვარი სცენური კონსტრუქციების ტექნიკურ შესაძლებლობათა ღრმა ცოდნით, დრამატურგიულ მასალაზე დაყრდნობითა და რეჟისორული კონცეფციის გათვალისწინებით ინდივიდუალურ ხელწერას ავლენდა. თავაძე ყოველ სპექტაკლში სასცენო სივრცეს ლაკონურობით, დამახასიათებელი ზომიერების გრძნობითა და გამორჩეული ფერწერული კოლორიტით ამდიდრებდა.

დიმიტრი თავაძემ ნახევარი საუკუნის განმავლობაში 20 სხვადასხვა თეატრში 160-ზე მეტი სპექტაკლი გააფორმა. მათი უმეტესობა ცნობილ რეჟისორებთან თანამშრომლობით შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში განხორციელდა. 1933 წლიდან მონაწილეობდა მრავალ გამოფენაში. მხატვარს მინიჭებული ჰქონდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, სახელმწიფო პრემიის ლაურეატისა და საქართველოს სახალხო მხატვრის წოდებები. მისი ნამუშევრები დღეს დაცულია თეატრებისა და მუზეუმების კოლექციებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

15/07/2026

მოსე თოიძე - 155. ფერების დიდი ლირიკოსი

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მოეწყობა ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლის, სახალხო მხატვრისა და აკადემიკოსის მოსე თოიძის (1871-1953) 155-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული 70 ნამუშევარი - ფერწერა და გრაფიკა. გამოფენილი ნამუშევრების ნახევარზე მეტი საზოგადოებას ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდება, ნაწილი კი ახლად რესტავრირებულია.

მოსე თოიძე (1871-1953) თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. მან განათლება პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში, ილია რეპინის სახელოსნოში მიიღო. მისი სადიპლომო ნამუშევარი მცხეთობა (სვეტიცხოვლობა, 1901), რომელიც თბილისში და პეტერბურგში ორი ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ეპოქალურ, ღრმა ქრისტიანული სიმბოლიზმით აღბეჭდილ ტილოდ მიიჩნევა. განსაკუთრებულია მისი წვლილი საქართველოს ისტორიის, ქართველ მეფეთა და გამოჩენილ საზოგადო მოღვაწეთა - მწერალთა, პოეტთა, კომპოზიტორთა და მეცნიერთა - წარმოჩენასა და პოპულარიზაციაში.

მოსე თოიძე იყო ხელოვნების გამორჩეული მოღვაწე, ორგანიზატორი და პედაგოგი. 1917-1921 წლებში ხელმძღვანელობდა მხატვართა საზოგადოებას, ხოლო 1922 წელს მის მიერ დაარსებულ სამხატვრო სტუდიაში არაერთმა ახალგაზრდა მხატვარმა მიიღო განათლება. მოსწავლეებისადმი განსაკუთრებული მზრუნველობის გამო მას სიყვარულით „მამას“ უწოდებდნენ.

საბჭოთა იდეოლოგიური დიქტატის პირობებში მოსე თოიძის შემოქმედების შეფასება ცალმხრივად მოხდა და აქცენტი მხოლოდ მის რეალისტურ-აკადემიურ ნამუშევრებზე გაკეთდა. თუმცა, მის შემოქმედებაში ორგანულად თანაარსებობდა პარიზული ფერწერული სკოლისა და იმპრესიონისტულ-სიმბოლისტური ძიებების გავლენა, რაც განსაკუთრებით მის „მთვარიანი ღამეების ციკლსა“ და შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილ კომპოზიციებში გამოვლინდა. პროექტის ფარგლებში გამოიცა მოსე თოიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა კოლექციიდან შერჩეული 300-მდე ნამუშევარი და საარქივო მასალა.

გამოცემის ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოსე თოიძის სახლ-მუზეუმის უფროსი კურატორი ქეთევან ბენდელიანი და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი სამსონ ლეჟავა.

გამოცემა განხორციელდა კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და „შემოქმედებითი თბილისის“ ფინანსური მხარდაჭერით.

ექსპოზიციის გახსნა და წიგნის პრეზენტაცია:
2026 წლის 23 ივლისი, 18:00 საათი
გამოფენა გაგრძელდება 23 აგვისტოს ჩათვლით.
საქართველოს ეროვნული გალერეა
შოთა რუსთაველის გამზირი № 11

18/06/2026

19 ივნისს, 18:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში გაიხსნება გამოფენა „ვასილ შუხაევი. ნეოკლასიციზმი - დაბრუნება იდეალთან“.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ვასილი შუხაევის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომელთა უდიდესი ნაწილი, მისივე ანდერძით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადმოეცა.

ვასილ შუხაევი მეუღლესთან - ვერა შუხაევასთან ერთად საქართველოში 1947 წელს, მაგადანში გადასახლებიდან გათავისუფლების შემდგომ ჩამოვიდა. თბილისი და საქართველო არ იყო მისი მხოლოდ იძულებითი გადაადგილების ტერიტორია. საქართველო გახდა ქვეყანა, რომელმაც მხატვარს ცხოვრებისა და შემოქმედების გაგრძელების საშუალება მისცა. პრობლემების მიუხედავად, ვასილ შუხაევს არასდროს უფიქრია საქართველოს დატოვება. თბილისი მისი არჩევანი, საქართველო კი მეორე სამშობლო გახდა. განუზომელია ვასილ შუხაევის წვლილი რუსული მოდერნისტული ხელოვნების განვითარებაში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ის შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელიც მან საქართველოში ცხოვრების დროს შექმნა.

ნეოკლასიციზმი, როგორც სტილური მიმდინარეობა, რუსეთში მოდერნის მოჭარბებული დეკორატივიზმისა და ავანგარდის რადიკალური ცვლილებების ანტითეზაა და მეტ წესრიგსა და კლასიკურ თავშეკავებულობაზე დაფუძნებული ახალი პლასტიკური ენის ძიებაში ვლინდება. ნეოკლასიკურმა ტენდენციამ, როგორც „დიდი სტილის“ აღორძინების იდეამ, ჩამოყალიბება 1900-იანი წლების პირველ ნახევარში რეტროსპექტივიზმის სახით დაიწყო. 1910-იან წლებში, რუსულ მხატვრულ კულტურაში ნეოკლასიციზმის თანმიმდევრული დამკვიდრების პერიოდში, რეტროსპექტივიზმი უფრო გააზრებული და თანამედროვე ხელოვნების ენაზე ამეტყველებული მხატვრული ფორმით ჩანაცვლდა. მხატვრობაში ნეოკლასიციზმის მთავარი იდეა „ნახატის ჭკვიანური შექმნა“ იყო, ისე, რომ მას ერთდროულად აესახა „თანამედროვეობის პათოსი“ და კლასიკური ხელოვნების კანონებზე დაფუძნებული მარადიული ესთეტიკური იდეალები. რუსული ნეოკლასიციზმის იდეები მწყობრად გამოვლინდა რუს მხატვართა, ფერმწერთა და გრაფიკოსთა გაერთიანება “წმინდა ლუკას ფერმწერთა საამქროს” წესდებაში, რომელიც 1918 წელს პეტროგრადში დიმიტრი კარდოვსკიმ თავის მოსწავლეებთან, ვასილ შუხაევსა და ალექსანდრე იაკოვლევთან, ერთად დააარსა. რუსი ავანგარდისტი მხატვრებისაგან განსხვავებით, ისინი მოწადინებულნი იყვნენ, სახვით ხელოვნებაში დაებრუნებინათ ძველი მხატვრების ფერწერისა და ნახატის კლასიკური ტრადიციები. ორგანიზაცია მალე დაიშალა, მაგრამ ვასილ შუხაევი თითქმის მთელი თავისი ხანგრძლივი შემოქმედების განმავლობაში ამ იდეის ერთგული დარჩა.

გამოფენა 20 ივლისამდე გაგრძელდება.

09/06/2026

11 ივნისს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაში, საიუბილეო გამოფენის - “დიმიტრი შევარდნაძე: მხატვარი, დამფუძნებელი, ვიზიონერი“— ფარგლებში გაიმართება ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, პროფესორ ირინა აბესაძის საჯარო ლექცია.

დასწრება თავისუფალია
შოთა რუსთაველის გამზირი 11

01/06/2026

"ბავშვები ქართულ მხატვრობაში"

2 ივნისს, 18:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნება გამოფენა ბავშვები ქართულ მხატვრობაში.

გამოფენის ბავშვები ქართულ მხატვრობაში კონცეფცია ეფუძნება ბავშვის, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირებულების, მხატვრულ გააზრებას. ექსპოზიცია წარმოაჩენს, თუ როგორ აისახება ბავშვის თემა ქართულ მხატვრობაში სხვადასხვა ისტორიულ, სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამასთანავე, საგამოფენო თხრობა დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, დააკვირდეს ქართული სახვითი ხელოვნების სტილისტურ ევოლუციას XIX საუკუნის დასასრულიდან დღემდე.

პროექტი აერთიანებს ქართული ხელოვნების საეტაპო ავტორების ნამუშევრებს. მათ შორის არიან ქართული რეალისტური ფერწერის ფუძემდებლები — ალ. ბერიძე, ალ. მრევლიშვილი, გ. გაბაშვილი, მ. თოიძე; მოდერნიზმის წარმომადგენლები — ნ. ფიროსმანაშვილი, ლ. გუდიაშვილი, დ. კაკაბაძე, ვ. სიდამონ-ერისთავი, შ. ქიქოძე, ფ. ვარლამიშვილი; აგრეთვე მხატვრები, რომლებმაც საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიური შეზღუდვების პირობებშიც შეძლეს ინდივიდუალური სახვითი ენის შენარჩუნება და მაღალი მხატვრული ღირებულების ნაწარმოებების შექმნა — ს. ქობულაძე, თ. აბაკელია, დ. ერისთავი, თ. მირზაშვილი, მ. აბრამიშვილი და სხვები.

გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს თანამედროვე მხატვართა ნამუშევრებსაც, რომლებშიც ბავშვის თემასთან დაკავშირებული ჩვენი დროის აქტუალური საკითხები აისახება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ფონდებში, ასევე ფონდ ათინათის კოლექციებში დაცული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის ინიციატივით ხორციელდება. იგი ერთგვარი შეხსენებაა, რომ საზოგადოების ერთ-ერთი უპირველესი მოვალეობა არის ბავშვებისთვის უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური გარემოს შექმნა — გარემოსი, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება განვითარების, შემოქმედებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება.

გამოფენა გაგრძელდება 5 ივლისის ჩათვლით.

01/06/2026

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს☀️

Address

თბილისი, R
Tbilisi
0108

Opening Hours

Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 10:00 - 18:00
Sunday 10:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Museum

Send a message to შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი:

Shortcuts

Share

Category